ვულვოვაგინიტი – დიანა ჯანჯღავა

სარჩევი

რა არის ვულვოვაგინიტი?

ვულვოვაგინიტი – ვულვისა და საშოს ანთებითი დაავადებაა,
რომელიც გვხვდება უპირატესად რეპროდუქციული ასაკის ქალებში და გამოწვეულია მრავალი ეტიოლოგიური ფაქტორით, რომელიც
შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ასევე სოკოვანი ან პარაზიტული გენეზის.
ვულვოვაგინიტის შემთხვევების ერთ მესამედზე პასუხისმგებელია პოლიმორფული ოპორტუნისტული სოკო, ე.წ.
Candida Albicans-ი.
 
Candida-თი გამოწვეული ინფექცია ცნობილია ვაგინალური კანდიდოზისა ან კანდიდოზური ვულვოვაგინიტის სახელით.
 
Candida, ჩვეულებრივ, ქალის ნორმალური მიკროფლორის ნაწილია და მისი ნაცხში გამოვლენა ხდება ასიმპტომატური
ქალების 10%-ში. ამიტომ დიაგნოზის დასმისთვის საჭიროა, როგორც მიკროორგანიზმის გამოვლენა საშოს ნაცხში, ასევე
ანთებით გამოწვეული სიმპტომატიკის არსებობა.
 

დაავადების სიმპტომებია:

  • მოთეთრო-მოყვითალო ხაჭოსებრი
    გამონადენი რომელიც უფრო აქტიურდება ან/და შემაწუხებელი ხდება მენსტრუაციის წინა პერიოდში ან ორსულობის
    დროს.
  • ქავილი და წვა კანისა და ლორწოვანი
    გარსის მიდამოში
  • დისკომფორტი გარეთა სასქესო ორგანოს
    არეში
  • ტკივილი სქესობრივი აქტის
    დროს
  • ქავილი და წვა შარდვის დროს
 
ქალების დაახლოებიღ 70% ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ჰქონიათ დიაგნოზი – კანდიდოზური ვულვოვაგინიტი, 8%-ს კი
აღენიშნება ამ დაავადების რეციდიული ფორმა.
 
დაავადების რეციდიული ფორმის მქონე ქალებში ვხვდებით დაავადების მინიმუმ სამ ეპიზოდს ერთი წლის განმავლობაში.

ნორმაში მყოფი კანდიდა სიმპტომებს არ იწვევს და არ საჭიროებს მკურნალობას. თუმცა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან საშოს მიკროფლორაში გარკვეულმა ცვლილებებმა, სხვადასხვა მედიკამენტებმა, ტრავმებმა, სტრესმა ან
იმუნიტეტის დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანდიდას შტამის უკონტროლო ზრდა.

 
ანტიბიოტიკები უარყოფითად მოქმედებს ვაგინალურ მიკროფოორაზე.
 
ისინი კლავენ როგორც მავნე, ასევე სასარგებლო მიკროორგანიზმებს, მათ შორის  საშოში არსებულ ე.წ. ლაქტო ბაცილებს, რომლის ძირითადი ფუნქციაა საშოს ლორწოვანი გარსების
დაცვა სოკოსა და ინფექციის ჭარბი ზრდისგან.
 
ქალები, რომლებიც იყენებენ ესტროგენის შემცველ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, ან აქვთ იმუნიტეტი დაქვეითებული, ვულვოვაგინალური კანდიდოზის განვითარების რისკ ჯგუფში არიან.

 

გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი კურსი, ქიმიოთერაპია, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი,შაქრიანი დიაბეტი – ყოველივე ეს უარყოფითად აისახება ქალის იმუნურ სტატუსზე და ხელს უწყობს სოკოვანი ინფექციის ჭარბს ზრდასა და განვითარებას.

როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი სოკოვანი ინფექციისგან?

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში მოწოდებულია სისტემური და ადგილობრივი მოქმედების ანტიფუნფალური მედიკამენტები, მაგ. ფენტიკონაზოლი – კრემი 2% 78გ ვაგინალური და გარეგანი გამოყენებისთვის; ვაგინალური კაფსულები:1000მგ N1 და 600მგ N2.

ცხოვრების წესის მოდიფიკაციას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სოკოვანი ინფექციის პრევენციაში, ბამბის საცვლების ტარება და სველი ტანსაცმლის სწრაფი გამოცვლა ძალზე მნიშვნელოვანია.

თავი აარიდეთ პარფიუმის და პარაბენების შემცველი პროდუქციის გამოყენებას ინტიმურ ჰიგიენაში, ატარეთ თავისუფალი, სუ ნთქვადი ტანსაცმელი და შეამცირეთ შაქრის მიღება რაციონში, გახსოვდეთ რომ შაქარი წარმოადგენს მთავარ საკვებ ნივთიერებას სოკოსთვის.